კტ კოლონოგრაფიის როლი კოლორექტული კიბოს სკრინინგში
კოლორექტული კიბო ავთვისებიან სიმსივნეებს შორის მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (IARC) 2022 წლის სტატისტიკური მონაცემებით გავრცელების სიხშირით ის III, ხოლო სიკვდილიანობის მიხედვით II ადგილზეა. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა და ზემოთ აღნიშნული მახასიათებლების მიხედვით ის IV ადგილს იკავებს. კოლორექტული კიბო მსოფლიო მოსახლეობის დიდი პრობლემაა ამ დაავადებასთან და მის შესაძლო გართულებებთან დაკავშირებული დიდი ფინანსური დანახარჯების გამოც. ყოველივე ეს ადასტურებს, რომ კოლორექტული კიბოს დროული დიაგნოსტიკა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი აქტუალური საკითხია.
აღსანიშნავია, რომ მსხვილი ნაწლავის კიბოს უმეტესობა, გარდა მემკვიდრეობითი გენეტიკური დარღვევებისა, წარმოიქმნება უკვე არსებული პოლიპისგან, რომელიც 10-15 წლის განმავლობაში განიცდის მალიგნიზაციას. გამომდინარე აქედან, პოლიპების ადრეული გამოვლენა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კოლორექტული კიბოს პრევენციაში.
საქართველოში ეროვნული სკრინინგის პროგრამა 2009 წლიდან დაინერგა, ხოლო 2010 წლიდან ჩაირთო კოლორექტული კიბოს სკრინინგ-პროგრამა, რომელიც მოიცავს ფეკალურ მასაში ფარული სისხლდენის გამოვლენის ტესტს (FOBT), დადებითი პასუხის გამოვლენის შემთხვევაში კი კოლონოსკოპიურ სკრინინგს და საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიური მასალის აღებას, ხოლო უარყოფითი პასუხის შემთხვევაში უფასოა 2 წელიწადში ერთხელ.
საქართველოს ეროვნული სკრინინგ პროგრამისაგან განსხვავებით, აშშ-სა და ევროპის ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში კოლორექტული კიბოს სკრინინგში ჩართულია კტ კოლონოგრაფია.
კტ კოლონოგრაფია კლინიკურ პრაქტიკაში პირველად გამოყენებულ იქნა აშშ-ში 1994 წელს. მას შემდეგ კი ის სწრაფად განვითარდა და გავრცელდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთერებით ევროპაში. აღსანიშნავია, რომ ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში კტ კოლონოგრაფია 2015 წელს დაინერგა, რის შემდეგაც ის აქტიურად გამოიყენება და დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება.
აღსანიშნავი და გასათვალისწინებელია, რომ ESGE/ESGAR (European Society of Gastrointestinal Endoscopy/European Society of Gastrointestinal and Abdominal Radiology) რეკომენდაციას უწევს კტ კოლონოგრაფიას, როგორც კოლორექტული ნეოპლაზიების დიაგნოსტირებისთვის საუკეთესო ნაკლებინვაზიურ და მაღალინფორმაციულ მეთოდს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენა. კტ კოლონოგრაფიას გააჩნია მაღალი სენსიტიურობა და სპეციფიურობა. მისი საშუალებით შესაძლებელია, კიბოსა და მისი წინამორბედი პოლიპის გამოვლენა უსიმპტომო პაციენტებში, აგრეთვე, მსხვილი ნაწლავის სანათურის, კედლის სისქის და ზედაპირის შეფასება, ეს იქნება მისი ფორმა, მდებარეობა, ნაოჭები, ჰაუსტრაცია თუ სხვა, ასევე შესაძლებელია პათოლოგიური უბნის აღმოჩენა, ზუსტი ლოკალიზაციის და სიმსივნის ინვაზიის ხარისხის განსაზღვრა, მიმდებარე ქსოვილებისა და ლიმფური კვანძების მდგომარეობის შეფასება, რეგიონული და შორეული მეტასტაზების აღმოჩენა. გარდა აღნიშნულისა, კტ კოლონოგრაფიის საშუალებით შესაძლებელია მუცლის ღრუს სხვა ორგანოების მდგომარეობის შეფასებაც. მიუხედავად ამისა, საქართველოს მასშტაბით კტ კოლონოგრაფია კლინიკურ პრაქტიკაში არ არის ფართოდ დანერგილი.
ლიტერატურული მონაცემების შესწავლის საფუძველზე და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ქვეყანაში კოლორექტული კიბოს ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირება მნიშვნელოვნად დაბალია (4,1%), სხვა ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე სასურველია კტ კოლონოგრაფიის გარკვეული ჩვენებით ჩართვა პროგრამაში: კტ კოლონოგრაფიის ჩართვა კოლორექტული კიბოს სკრინინგ-პროგრამაში ოპტიკური კოლონოსკოპიის უკუჩვენების, მის ჩატარებაზე პაციენტის უარის შემთხვევაში და დაუსრულებელი კვლევის დროს.
კტ კოლონოგრაფია ძალზედ ეფექტურია ფარული პოლიპების აღმოსაჩენად, ხოლო შემდგომი ენდოსკოპიური პოლიპექტომია ამცირებს კოლორექტალური კიბოს მიერ გამოწვეულ სიკვდილიანობას. სწორედ, ამიტომ სკრინინგული კტ კოლონოგრაფიის უპირველესი მიზანია ფარული დაზიანებების გამოვლენა, როგორიცაა პოლიპები, რათა შემცირდეს მათი კოლორექტულ კიბოდ განვითარების რისკი.