ინფექციის პრევენცია და ვაქცინაციის მნიშვნელობა
ჩვენს ირგვლივ, ბუნებაში, გავრცელებულია უამრავი, უხილავი ორგანიზმები, რომლებსაც შეუძლით გამოიწვიონ სხვადასხვა დაავადებები, მათ მიკროორგანიზმები ეწოდება, როგორებიცაა მაგალითად ვირუსები და ბაქტერიები.
ისტორიულად მსოფლიოს ახსოვს უამრავი ეპიდემია და პანდემია, რომელიც მუსრს ავლებდა მოსახლეობას, თუმცა 1796 წელს ინგლისელი მეცნიერის ედუარდ ჯენერის მიერ გამოგონებულმა ვაქცინამ, დაავადება ყვავილის საწინააღმდეგოდ, საფუძველი დაუდო ახალ ერას, გაჩნდა ახალი იმედები, რომ შესაძლებელი იქნებოდა ინფექციური დაავადებების მართვა და მათი თავიდან აცილება.
ამრიგად, შეიქმნა ვაქცინაციის ერა, რომელმაც მილიარდობით ადამიანი იხსნა დაინვალიდებისა და სიკვდილისაგან. ვაქცინაცია არის მეცნიერების უდიდესი მიღწევა.
პროფლაქტიკური აცრა ანუ ვაქცინაცია ტარდება ვაქცინით. ვაქცინა არის ბიოლოგიური პრეპარატი, რომლის შეყვანა ადამიანის ორგანიზმში იწვევს საპასუხო იმუნურ რეაქციას და იმუნიტეტის ჩამოყალიბებას იმ დაავადების მიმართ, რომლის ვაქცინაც არის შეყვანილი. ვაქცინებში შედის ძლიერ დასუსტებული გამომწვევი (ბაქტერია ან ვირუსი) ან მათი ნაწილი, რომელსაც ანტიგენი ეწოდება. ანტიგენის მოხვედრისას ადამიანის ორგანიზმში იწყება საპასუხო რეაქცია, ადამიანის იმუნური სისტემა ამოიცნობს უცხო სხეულს (ანტიგენს) და გამოიმუშავებს მის მიმართ ანტისხეულებს ანუ იმუნიტეტს. შემდგომში როცა მოხვდება აცრილი ადამიანის ორგანიზმში ბაქტერია ან ვირუსი, რომელზეც აქვს ჩატარებული აცრა, ის უკვე ნაცნობი იქნება ადამიანის იმუნური სისტემის მიერ და ორგანიზმი უეცრად მოახდენს რეაგირებას, უკვე ნაცნობი ანტიგენის მიმართ გამზადებული ანტისხეულების გამოყოფას. ასეთ შემთხვევაში დაავადება ან ვერ ასწრებს განვითარებას და სურათის გაშლას, ან მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით, ისე რომ არ იწვევს ლეტალობას ან დაინვალიდებას. ის ფაქტი თუ როგორ წარიმართება დაავადების კლინიკური სურათი აცრილ ორგანიზმში, არ გამოვლინდება საერთოდ თუ გამოვლინდება მსუბუქად, დამოკიდებულია უკვე ინდივიდუალურად ადამიანის იმუნურ სისტემაზე.
საქართველოში, კერძოდ აჭარაში, 90იან წლებში აღინიშნა დაავადება დიფტერიის აფეთქება, რამაც გამოიწვია სავალალო შედეგები და ბევრი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. აღნიშნული აფეთქება დაკავშირებული იყო ვაქცინაციის შეფერხებასთან წინა წლებში. მოსახლეობის ნაწილი თავს არიდებდა ვაქცინაციას, ასევე ქვეყნის იმდროინდელი სოციალურ-ეკონომოკური მდგომარეობა აფერხებდა სრულფასოვანი ვაქცინაციის ჩატარებას.
პროფილაქტიკური აცრა გვიცავს თითოეულ ჩვენგანს, და ასევე ჩვენ ვიცავთ გარშემო მყოფებსაც ჩვენი აცრით, რადგან გადადების რისკი არის მინიმალური ვაქცინირებულ ადამიანებში.
გთავაზობთ ვაქცინაციის საქართველოს ეროვნული კალენდარის მოკლე გზამკვლევს, თუ რომელ ასაკში უნდა ავცრათ ჩვენი შვილები და რა დაავადებებისგან გვიცავს აცრები:
- დაბადებიდან 12 საათში – ჰეპატიტი ბე.
- 0-5 დღე – ბცჟ – ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინა.
- 2 თვე – დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, ჰეპატიტი ბე, ჰემოფილური დაავადება, პოლიომიელიტი, პნევმოკოკური ინფექცია, როტავირუსული ინფექცია.
- 3 თვე – დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, ჰეპატიტი ბე, ჰემოფილური დაავადება, პოლიომიელიტი, პნევმოკოკური ინფექცია, როტავირუსული ინფექცია.
- 4 თვე – დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, ჰეპატიტი ბე, ჰემოფილური ინფექცია, პოლიომიელიტი.
- 12 თვე (1 წელი) – პნევმოკოკური ინფექცია, წითელა, წითურა, ყბაყურა.
- 18 თვე (1 წელი და 6 თვე) – დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, პოლიომიელიტი.
- 5 წელი – წითელა, წითურა, ყბაყურა, პოლიომიელიტი, დიფტერია, ტეტანუსი.
- 10-11-12 წელი – ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გოგონებში.
- 14 წელი – ტეტანუსი, დიფტერია.
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა დაავადება არის განსაკუთრებით საშიში დაავადებები და აუცრელ ადამიანში იწვევენ მძიმე შედეგებს, დაინვალიდებას ან ლეტალობას. ჩვენს ქვეყანაში დაყვანილია მინიმუმამდე მათი გავრცელება, პროფილაქტიკური აცრების ჩატარების მაღალი მაჩვენებლის დამსახურებით.
ამრიგად, ნუ მოვდუნდებით პროფილაქტიკური აცრების მიმართ და მივყვეთ მეცნიერების ამ უდიდეს მიღწევას, რათა თავიდან ავიცილოთ უმძიმესი დაავადებები და მათი გართულებები.
ექიმი: პედიატრი, ოჯახის ექიმი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.