გულის რითმის დარღვევები
რა არის გულის არითმია ?
არითმია ეს მდგომარეობაა როდესაც გული არარეგულარულად (არარიტმულად), ძალიან
სწრაფად ან ძალიან ნელა სცემს.
როგორია ნორმალური გულისცემა?
ნორმალურად ითვლება, როცა გულისცემა რეგულარულია და სიხშირე წუთში 60-დან
100-მდეა.
ყოველდღე გული საშუალოდ 100 000 ჯერ სცემს (ფართოვდება და იკუმშება).
რა იწვევს არითმიას?
გულის დაავადებები და დაზიანებები (ნაწიბურის არსებობა გულში,
კარდიომიოპათიები, დაქვეითებული განდევნის ფრაქცია, გულის სარქვლოვანი
აპარატის დაზიანება და სხვა.), სისხლში ელექტროლიტების (მაგ: კალიუმის) დონის
დარღვევა, ზოგიერთი მედიკამენტი, გულის ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა,
კოფეინი, ზედმეტი ვარჯიში, ძლიერი ემოციები, სტრესი, ალკოჰოლი, თამბაქო,
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა.
არითმიის რა ფორმები არსებობს?
– ტაქიკარდია – იგივე სწრაფი გულისცემა (გულისცემა წუთში 100 დარტყმაზე
მეტია): ტაქიკარდია შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური (მაგ: ფიზიკური
დატვირთვისას) და პათოლოგიური (მაგ: წინაგულების ფიბრილაცია ე.წ.
მოციმციმე არითმია, წინაგულების თრთოლვა, სუპრავენტრიკულური
ტაქიკარდია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭოვანი ფიბრილაცია და სხვა).
– ბრადიკარდია – იგივე ნელი გულისცემა (გულისცემა წუთში 60 დარტყმაზე
ნაკლებია): ბრადიკარდია შეიძლება იყოს სინუსური (მაგ: ფიზიკურად კარგად
ნავარჯიშებ პირებში) და პათოლოგიური (სინუსური კვანძის სისუსტის
სინდრომი, წინაგულ-პარკუჭოვანი ბლოკადა და სხვა.).
– არარიტმული არითმია – ექსტრასისტოლური არითმია ანუ პულსის გამოტოვება
(„ამოვარდნა“, „გამოვარდნა“), წინაგულთა ფიბრილაცია.
რა სიმპტომები (ჩივილები) ახასიათებს არითმიას ?
ძალიან სწრაფი გულისცემა, ძალიან ნელი გულისცემა, დარღვეული გულისცემის
რეგულარობა, პულსის გამოტოვება, მკერდის არეში ფრიალის, თავბრუსხვევის, ძლიერ
დაღლილობის, სისუსტის, გაბრუების შეგრძნება, ჰაერის უკმარისობა, შფოთვა,
დისკომფორტი მკერდის არეში, ბუნდოვანი ხედვა, თვალებში დაბნელების, გულის
წასვლის მსგავსი შეგრძნება ან გონების დაკარგვის ეპიზოდები.
გულის რითმის დარღვევები (არითმია) ჩივილების გარეშეც შეიძლება მიმდინარეობდეს,
ასეთ შემთხვევაში ჩვენი რეკომენდაცია იქნება მიმართოთ სპეციალისტს
პროფილაქტიკური გასინჯვის მიზნით.
როგორ ხდება არითმიის დიაგნოსტირება?
– ანამნეზის (ჩივილების) შეგროვება
– ელექტროკარდიოგრამა – აფიქსირებს თქვენი გულის ელექტრულ აქტივობას.
– ჰოლტერის მონიტორინგი – ეს არის პორტატული აპარატი, რომელსაც შეუძლია
გულისცემის აქტივობის ჩაწერა 24, 48, 72 სთ-ის ან უფრო ხანგრძლივი დროის
განმავლობაში.
– იმპლანტირებადი მარყუჟოვანი ჩამწერი – ეს მცირე ზომის მოწყობილობა
ინერგება კანქვეშ (გულის საპროექციო არეში) და ხანგრძლივი პერიოდის
განმავლობაში ახდენს გულისცემის ჩაწერას.
– ექოკარდიოსკოპია – გულის ულტრასონოგრაფია
– ფიზიკური დატვირთვის ტესტი – ტრედმილი, ველოერგომეტრია
– ლაბორატორიული (სისხლის) ანალიზები
– ელექტროფიზიოლოგიის კვლევა – ეს არითმიის კვლევის ოქროს სტანდარტია.
როგორ ხდება არითმიის მკურნალობა?
არითმიის სამკურნალოდ აუცილებელია არითმოლოგთან ვიზიტი. მკურნალობა
შეიძლება მოიცავდეს, როგორც ცხოვრების წესის შეცვლას (გულის ჯანსაღი ცხოვრების
წესი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ გულის დაზიანება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს
გულის რითმის ზოგიერთი დარღვევა) ასევე მედიკამენტურ და ინვაზიურ ჩარევებს.
მკურნალობის ინვაზიური მეთოდებია:
– პეისმეიკერის (ანუ გულის სტიმულატორის) ჩანერგვა – გამოიყენება მკვეთრად
შენელებული გულისცემის სამკურნალოდ.
– კარდიოვერტერ დეფიბრილატორის ჩანერგვა – გამოიყენება სიცოცხლისთვის
სახიფათო არითმიის დროს.
– აბლაცია – არითმიის კერის მოშორება. ეს პროცედურა კეთდება ბარძაყიდან
ჩხვლეტით და ამ დროს ხდება გულში არსებული არითმიის კერის „მოწვა“ (თერმო
აბლაცია) ან „გაყინვა“ (კრიო აბლაცია).
ექიმი: ბუხუტი ბერიძე
კარდიოლოგი, არითმოლოგი