გულის უკმარისობა და გულის რესინქრონიზაციული თერაპია
გულის რესინქრონიზაციული თერაპია (CRT) არის მნიშვნელოვანი მკურნალობის მეთოდი ჩივილების (სიმპტომების) მქონე გულის შეგუბებითი უკმარისობის (CHF) პაციენტებში, რომელიც გამოწვეულია გულის კუნთის პათოლოგიური ცვლილებით (კარდიომიოპათია). კარდიომიოპათია ყველაზე ხშირად გამოწვეულია კორონარული არტერიის (გულის სისხლით მკვებავი) დაავადების შეუქცევადი დაზიანებით, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს გენეტიკური ფაქტორების, ვირუსული ინფექციების ან ტოქსინების (როგორიცაა მაგ. ალკოჰოლი) შედეგი. სიმპტომები, როგორც წესი, მოიცავს ქოშინს, ტერფების და ფეხების შეშუპებას, დაღლილობას, ვარჯიშისადმი ტოლერანტობის დაქვეითებას, მადის დაქვეითებას, დეპრესიას და სხვა.
დადგენილია, რომ 22 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს გულის შეგუბებითი უკმარისობით მთელ მსოფლიოში და ყოველწლიურად დამატებით 2 მილიონ ადამიანს უდგინდება აღნიშნული დიაგნოზი.
მედიკამენტები კარდიომიოპათიის და გულის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის თერაპიის ძირითადი საფუძველია. ხელს უწყობს სხეულის ზედმეტი სითხის გათავისუფლებას, აძლიერებს გულის შეკუმშვას და ამსუბუქებს გულის დატვირთვას სისხლძარღვების მოდუნებისა და სისხლის გადატუმბვის წინააღმდეგობის შემცირებით. მკურნალობის მნიშვნელოვანი კომპონენტია ასევე ცხოვრების წესი და მოიცავს რეგულარულ ვარჯიშს და დიეტურ შეზღუდვებს, როგორიცაა მარილისა და სითხის მიღების მინიმუმამდე შემცირება, რაც ხელს უშლის სითხის დაგროვებას.
კარდიომიოპათიის და გულის უკმარისობის მქონე ბევრ პაციენტს ასევე აღენიშნება გულის ელექტრული სისტემის დარღვევა, რაც იწვევს გულის კუნთის არაკოორდინირებულ (ასინქრონულ) შეკუმშვას. ეს კიდევ უფრო ამცირებს დასუსტებული (პათოლოგიური) გულის კუნთის ტუმბოს უნარს.
როგორ მუშაობს გულის ელექტრული სისტემა?
გული არის კუნთოვანი ტუმბო, რომელიც შედგება 4 კამერისგან. 2 ზედა კამერას უწოდებენ წინაგულებს, ხოლო 2 ქვედა, ანუ მთავარი სატუმბი კამერა, ცნობილია როგორც პარკუჭები. ამ 4 კამერის კოორდინირებული სატუმბი მოქმედება კონტროლდება ელექტრული სისტემით. ნორმალური გულისცემა სტიმულირდება პატარა ელექტრული სიგნალით, რომელიც წარმოიქმნება მარჯვენა წინაგულის რეგიონში, რომელიც ცნობილია როგორც სინოატრიალური კვანძი. შემდეგ ელექტრული სიგნალი ვრცელდება ორივე წინაგულში, რაც იწვევს მათ შეკუმშვას და სისხლსის გადატუმბვას პარკუჭებში. ელექტრული სიგნალი შემდეგ გადის ელექტრული კონტროლის სადგურში, რომელიც ცნობილია როგორც ატრიოვენტრიკულური კვანძი. წამის დაყოვნების შემდეგ, სიგნალი ვრცელდება პარკუჭებზე სპეციალიზებული მარშრუტების საშუალებით, რომელსაც ეწოდება მარცხენა და მარჯვენა ჰისის კონის ფეხები. ჰისის კონის ფეხის ტოტები პარკუჭებში იშლება, რითაც ელექტრულ სიგნალს საშუალებას აძლევს ორივე პარკუჭის ერთდროულად შეკუმშვის სტიმულირებას. პარკუჭების ეს ერთდროული, კოორდინირებული შეკუმშვა აუცილებელია სხეულსა და ფილტვებში სისხლის ოპტიმალური გადატუმბისთვის.
კარდიომიოპათიის და გულის უკმარისობის მქონე ზოგიერთ პაციენტს აქვს ელექტრული სისტემის დარღვევა. ყველაზე გავრცელებული პათოლოგია არის ელექტრული გამტარობის შეფერხება მარცხენა ჰისის კონის ფეხის ბლოკადის გამო (LBBB). იმის გამო, რომ მარცხენა პარკუჭის ელექტრული სიგნალი შეფერხებულია მარცხენა პარკუჭის ჰისის ფეხის ან მისის ტოტების ბლოკის გამო, ორივე პარკუჭის ერთდროულად შეკუმშვის ნაცვლად ჯერ მარჯვენა პარკუჭი იწყებს შეკუმშვას, შემდეგ მარცხენა, რის გამოც ხდება პარკუჭების ასინქრონული შეკუმშვა. ეს არაკოორდინირებული პარკუჭის შეკუმშვა კიდევ უფრო ამცირებს გულის კუნთის უკვე დასუსტებული ტუმბოს ეფექტურობას. ცნობილია, რომ კარდიომიოპათიის და გულის უკმარისობის მქონე პაციენტების 40%-ს აღენიშნება არაკოორდინირებული პარკუჭების შეკუმშვა, რომელიც გამოწვეულია ელექტრული შეფერხებით, ყველაზე ხშირად LBBB. ეს ელექტრული შეფერხება ჩანს ელექტროკარდიოგრამაზე (ECG), როგორც ფართო QRS კომპლექსი.
რა არის გულის რესინქრონიზაციული თერაპია ანუ CRT?
CRT-ის ფუნქცია შემდეგია: პარკუჭების ნორმალური კოორდინირებული სატუმბი ფუნქციის აღდგენა, ელექტრული გამტარობის შეფერხების გადალახვით, რომელიც გამოწვეულია ჰისის კონის ბლოკით (ასევე უწოდებენ რესინქრონიზაციას). ეს მიიღწევა უნიკალური ტიპის გულის კარდიოსტიმულატორის საშუალებით. ჩვეულებრივი კარდიოსტიმულატორები გამოიყენება ზედმეტად შენელებულ გულისცემასთან დაკავშირებული სიმპტომების თავიდან ასაცილებლად. კარდიოსტიმულატორი განუწყვეტლივ აკონტროლებს პაციენტის გულისცემას და აწვდის მცირე, შეუმჩნეველ ელექტრულ მუხტს საჭიროების შესაბამისად. კარდიოსტიმულატორების უმეტესობას, როგორც წესი, აქვს 2 ელექტროდი, ერთი მარჯვენა წინაგულში და მეორე მარჯვენა პარკუჭში, CRT- ის კარდიოსტიმულატორებს აქვს მესამე ელექტროდი, რომელიც განლაგებულია ვენაში მარცხენა პარკუჭის გარე ზედაპირზე. ეს საშუალებას აძლევს CRT კარდიოსტიმულატორს ერთდროულად გაააქტიუროს მარცხენა და მარჯვენა პარკუჭები და აღადგინოს კოორდინირებული, ან სინქრონული ტუმბოს ფუნქცია. რაც ამცირებს ელექტრულ შეფერხებას და იწვევს უფრო ვიწრო და ნორმალურ QRS კომპლექსს ეკგ-ზე.
ვინ არის CRT-ის კანდიდატი?
- გულის შეგუბებითი უკმარისობა, ზომიერი ან/და მძიმე სიმპტომებით, სამედიცინო თერაპიის მიუხედავად
- კარდიომიოპათია (შესუსტებული ან/და გაფართოებული გულის კუნთი)
- მნიშვნელოვანი ელექტრული შეფერხება ქვედა სატუმბ კამერებზე (ჰისის კონის ფეხის ბლოკი)
გულის უკმარისობის ზოგიერთ პაციენტს, რომლებიც არიან გულის რესინქრონიზაციული თერაპიის (CRT) – ის კანდიდატები, ასევე იმყოფებიან უეცარი გულისმიერი სიკვდილის მაღალი რისკის ქვეშ, პარკუჭებიდან წარმოქმნილი სწრაფი გულისცემის გამო. ამ პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია სპეციალური CRT მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს სიცოცხლისთვის საშიში სწრაფი გულისცემა ელექტრო შოკის მიწოდებით, ცნობილია როგორც დეფიბრილაცია. ამ მოწყობილობას უწოდებენ CRTD მოწყობილობას (D ეხება დეფიბრილაციას). გჭირდებათ თუ არა CRTP ან CRTD მოწყობილობა, ეფუძნება მრავალ კლინიკურ ფაქტორს და დეტალურად უნდა განიხილოთ თქვენს ექიმთან.
რას უნდა ველოდოთ CRT-სგან ?
გულის რესინქრონიზაციულ თერაპიაზე (CRT-ზე) პასუხი შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს პაციენტებში. მეცნიერულმა კვლევებმა, რომელშიც 2000-ზე მეტი პაციენტი მონაწილეობდა მთელ მსოფლიოში, აჩვენა ზომიერი გაუმჯობესება ვარჯიშზე ტოლერანტობის, შეგუბებითი გულის უკმარისობის და ცხოვრების ხარისხის შესახებ პაციენტების უმეტესობაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს გაუმჯობესებები შეიძლება შესამჩნევი იყოს თითქმის მაშინვე ბევრ პაციენტში, სხვებში შეიძლება სრულად არ განხორციელდეს კვირების ან თვეების განმავლობაში.
ექიმი: ბუუხუტი ბერიძე
კარდიოლოგი, არითმოლოგი